კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი ლიკვიდაციის მუქარასთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიების დაწყება არარელევანტურია

17.06.24 16:11
კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი ლიკვიდაციის მუქარასთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიების დაწყება არარელევანტურია

პრემიერი ამბობს, რომ "ფიცოს ბედის გაზიარებასთან" დაკავშირებით გამოძიების საქართველოში დაწყება არაფრის მომცემია და წესით, ამით საზღვარგარეთ უნდა დაინტერესდნენ. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მისი მისამართით მუქარას ადგილი ნამდვილად ჰქონდა და ამბობს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ამ საქმით დაინტერესდება, ჩვენების მისაცემად მზადაა. 

"რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის, მაგრამ არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი, აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს, მაგრამ ფაქტია, რომ აღიარებაც მოყვა ამ ყველაფერს ხო. იყო პირდაპირი აღიარება გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს აღიარეს შემდეგ. ეს არის რეალურად მუქარა.

რაც შეეხება საქართველოში შედეგზე გათვლას, მე არ მგონია, რომ ეს საქართველოში შედეგზე იყო გათვლილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის მეც არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, გამოძიება თუ დაინტერესდება მზად ვარ მივცე შესაბამისი ჩვენება. ეს იყო დაშინების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით ხან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში," - თქვა კობახიძემ.

მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ გამოძიების დასაწყებად სათანადო მტკიცებულებები არ არსებობს.  

23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები