ისტორიაში პირველად - პრეზიდენტის ხელმოწერილი სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოშია
ისტორიული შანსი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის - ასეთი პრეცედენტი სასამართლოს დაარსების დღიდან არ ყოფილა. ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და მათ პოზიციას გამოხატავს უკვე გადაგზავნილია ბათუმში. "კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ანუ ჩანაწერს, სადაც ქვეყნის ევროპული კურსია განსაზღვრული" - ეს არის სალომე ზურაბიშვილის მთავარი არგუმენტი.
"პირველების" ინფორმაციით, სარჩელი პრეზიდენტის ხელმოწერით მისმა წარმომადგენელმა 7 საათსა და 20 წუთზე შეიტანა.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს სამ-დღიანი ვადა აქვს, რომ სარჩელი დაარეგისტრიროს. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სამი დღის განმავლობაში დარეგისტრირდება, საკონსტიტუციო მას წარმოებაში მიიღებს, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებენ თუ არა ამ საქმეს პრიორიტეტს.
სამართალმცოდნეები აცხადებენ, რომ სარჩელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმეს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და მისი განხილვა დაჩქარებული ვადებით უნდა მოხდეს.
პრეზიდენტის შემდეგ იქნება, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის სარჩელები - ყველა რუსული კანონის წინააღმდეგ. ბათუმში დიდი სამართლებრივი ომი იწყება. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშია ერთადერთი ბერკეტი ანტიევროპული კანონის შესაჩერებლად.
დღეს "ოცნებისთვის" მძიმე პოლიტიკური ორშაბათი გათენდა, ამიტომ ხელისუფლებაც პირდაპირ შტურმზე გადავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე იქამდეც მივიდა, რომ ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვა.