საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - სწორედ დღეს ამოიწურა რეგლამენტით გაწერილი სამდღიანი ვადა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმებით მოთხოვნით სარჩელი 15 ივლისს შეიტანა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს პირველად მიმართა და მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის მოქმედების შეჩერება და მისი საბოლოო გაუქმება მოითხოვა. მთავარი არგუმენტი კი კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა.
როგორია პროცედურები?
დარეგისტრირებული სარჩელი დაუყოვნებლივ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. სასამართლოს თავმჯდომარე, შვიდი დღის ვადაში, საქმეს გადასცემს ან კოლეგიას, ან პლენუმს და ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს.
პრეზიდენტის სარჩელს პლენუმი განიხილავს, შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, ცხრავე მოსამართლე - თავმჯდომარის ჩათვლით.
პრეზიდენტის სარჩელის მოპასუხე იქნება საქართველოს პარლამენტი, კერძოდ - საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონი დაამტკიცა. მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი შესაგებელი 1 თვის ვადაში, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გამწესრიგებელი/არსებითი განხილვის სხდომის თარიღს დანიშნავს პლენუმის თავმჯდომარე და 5 დღით ადრე ეცნობებათ მხარეებს.
- თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან
სარჩელის განხილვის ვადა 2 თვით გაგრძელდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. თუმცა უკვე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ლოდინი იურისტებს, არცთუ იშვიათად - წლობითაც უწევთ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანეს ასევე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა. სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ საქართველოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც.