"დაიწყო ძველბიჭობა" - რას ყვებიან მოქალაქეები, ვინც დაჩი ბერაიას "მოღალატე" ეძახეს
"დაჩი ბერაიას დანახვის დროს ეგრევე აღმომხდა ბუნებრივი რეაქცია - არა რუსულ კანონს. მივიღე ძალიან ძალიან აგრესიული პასუხი, ძველბიჭური ტონით, გამოდი, ბიჭო, შენ გვერდზე," - ასე იხსენებს "ქართული ოცნების" დეპუტატთან მოლში შეხვედრას და რუსული კანონის გაპროტესტებას მოქალაქე, რომელმაც დაჩი ბერაიას მოღალატე ეძახა.
როგორც "პირველებთან" მოქალაქე ყვება, მან დაჩი ბერაიასთან რუსული კანონის დამტკიცება გააპროტესტა, საპასუხოდ კი აგრესია და "ძველბიჭური ტონით" პასუხი მიიღო:
დაჩი ბერაიას დანახვის დროს ეგრევე აღმომხდა ბუნებრივი რეაქცია - არა რუსულ კანონს, საკმაოდ მშვიდად გამოვხატე ეს პროტესტი და მივიღე ძალიან ძალიან აგრესიული პასუხი, ძველბიჭური ტონით, გამოდი, ბიჭო, შენ გვერდზე და ქოცების მესიჯბოქსი რაც არის, აბა, შენ კანონი წაკითხული გაქვს? - ამაყობდა, რომ ჩემი დაწერილია ეს კანონიო, მე საამაყოს ვერაფერს ვერ ვხედავ, პარლამენტარი ასე როგორ შეიძლება მოქალაქეს ესაუბროს, ალბათ, ეგეთ კანონებსაც იღებენ და ეგეთ ქვეყანას აწყობენ“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
როგორც ანანია გაჩეჩილაძე "პირველებთან" ყვება, დაჩი ბერაია რუსული კანონის გაპროტესტების გამო ერთ-ერთ მოქალაქეს გარეთ გასვლას და "საკითხის გარჩევას" სთავაზობდა:
უბრალოდ მივაძახეთ - არა რუსულ კანონს - გიორგიმ დაუძახა პირველმა და მერე მეც ძალიან ხმამაღლა ავყევი, მინდოდა, რომ კარგად გაეგო. დაიწყო ძველბიჭობა, ეგრევე უთხრა გიორგის, რომ გასულიყვნენ გარეთ და გაერჩიათ ეს საკითხი. მერე ჩავრთე ვიდეო, რომ არა იმიტომ, რომ კომპრომატი შემეგროვებინა, უბრალოდ იმიტომ, რომ თავდაცვის მიზნით მქონოდა რამდენიმე კადრი,“ - ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.
რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, დაჩი ბერაიას სავაჭრო ცენტრში "მოღალეტე" ეძახეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ანანია გაჩეჩილაძე ავრცელებს.