ეს კოალიცია იქნება მყარი, არა მხოლოდ არჩევნების დღის ჩათვლით, არამედ არჩევნების შემდეგაც - კუპრაძე
"ეს კოალიცია იქნება მყარი, არა მხოლოდ არჩევნების დღის ჩათვლით, არამედ არჩევნების შემდეგაც, იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდით საარჩევნო პროგრამებზე" - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საუბრობს.
კუპრაძის თქმით, "ლელოს", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედანს" შორის მოლაპარაკება სამ დღეს გაგრძელდა და მოახერხეს საარჩევნო პროგრამებზე შეთანხმებაც.
მოლაპარაკებები, კონსულტაციები გრძელდებოდა სულ რაღაც სამ დღეს. სამი დღე იმისთვის, რომ ორი სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი წარსულის, ისტორიის, საკმაო განსხვავებების მქონე პარტია რომ დაჯგუფდეს და ისტორიულ არჩევნებში ერთად მონაწილეობა გადაწყვიტოს, ორი-სამი დღე არის ძალიან მცირე დრო. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება იყო მარტივი, იმიტომ, რომ ორივე პოლიტიკურ ჯგუფს - ანა დოლიძეს და ლელოს და მათ შორის, თავისუფლების მოედანს სწორად გვაქვს გააზრებული ამ არჩევნების მნიშვნელობა და ღირებულება, შესაბამისად, ეს შეთანხმება ძალიან მარტივად, გასაგებად, ყველა შინაარსობრივი დეტალის დაზუსტებით შემდგარია, რაც იძლევა გარანტიას იმისა, რომ ეს კოალიცია იქნება მყარი, არა მხოლოდ არჩევნების დღის ჩათვლით, არამედ არჩევნების შემდეგაც, იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდით საარჩევნო პროგრამებზე,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.