უწყვეტი პროტესტის მერვე დღე - რა პასუხი მიიღეს ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცულმა თანამშრომლებმა სათაო ოფისის წარმომადგენლისგან?
"ევოლუშენ ჯორჯიაში" პროტესტი გრძელდება - აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიაში დღეს უწყვეტი ქუჩის აქციის მერვე დღეა.
ათასობით გაფიცული ადამიანი ამ დრომდე ელოდება საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მოთხოვნათა სია გრძელია - მათ შორის, ბილინგსა და დამცირებაში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან გაშვება უმთავრესია.
შევედეთის სათაო ოფისიდან ჩამოვიდა საქართველოში ევოლუშენ გეიმინგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელთან შეხვედრაც პროტესტის ნიშნად დატოვეს გაფიცულებმა, რადგან შეთანხმება ვერ შედგა.
ობიექტურად ვამბობთ, რომ ხელფასი არის ძალიან დაბალი - მარტინი ამბობდა, რომ ხელფასის რაოდენობა და აღქმა სუბიექტური იყო და მისი აზრით ძალიან კარგი ხელფასი აქვთ საქართველოს ფილიალში დასაქმებულებს, დილერებსა და შაფლერებს. რაც შეეხება მენეჯერებს, თურმე შეცდომა ყველას მოსდის და მიმტევებლები უნდა ვიყოთ, რაც ირიბად მიგვანიშნებს იმაზე, რომ იმ მენეჯერების გათავისუფლებას ევოლუშენი არ აპირებს, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ დასაქმებულებს და გვაბულინგებდნენ. მესამე, თურმე მილიარდერის შვილს ჰქონია ტილები და დიდი ამბავი, თუ ჩვენ „ღარიბებს“ გვექნება ტილები, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს და რატომ არის ეს პროტესტის საგანი, ვერ ხვდებოდა. რა თქმა უნდა, ათივე დასაქმებულმა დატოვა შეხვედრა დაუყოვნებლივ პროტესტის ნიშნად,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
ჩვენ ვაგრძელებთ გაფიცვას, სანამ არ იქნება შესრულებული ყველა მოთხოვნა. კიდევ დაემატება კარვები და გავაგრძელებთ, სანამ არ წამოვლენ მოლაპარაკებებზე - ხელფასი პირველ რიგში, სანიტარია მოწესრიგდეს, დალაგდეს, დეზინფექცია ჩატარდეს, ხალხი რომლებიც გაუშვეს, დაბრუნდნენ უკან,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა. გაფიცულები სამართლებრივ ბრძოლასთან ერთად აქციასაც აანონსებენ.