IRI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. ინფორმაციას IRI ავრცელებს.
ირკვევა, რომ სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
IRI-ის თანახმად, საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის.
IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორის შეფასებით, ეს არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის და გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც ქვეყანამ 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო.
„დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს მისიას საშუალებას მისცემს უკეთ გაიგოს ამ არჩევნების კონტექსტი, ხოლო პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს...
საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა აქვს საარჩევნო გამჭვირვალობას პრიორიტეტი მიანიჭოს და უზრუნველყოს რომ საქართველოში სანდო, ყველანაირი ზეწოლისა და ფიზიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის“,- განაცხადა სტივენ ნიქსმა.
როგორც IRI-ის განცხადებაშია აღნიშნული, დასკვნები და რეკომენდაციები ეფუძნება საქართველოს კანონებს, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და მომავალ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსში აღებულ ვალდებულებებს.