"ოცნება" აშშ-ს: ყურადღება პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობას დაუთმეთ

23.07.24 13:52
"ოცნება" აშშ-ს: ყურადღება პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობას დაუთმეთ

ხედავს თუ არა "ოცნება" რუსეთის ჩარევის მცდელობებს საარჩევნო პერიოდში საქართველოში და იყო თუ არა ამის მინიშნება რუსეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადება? - ამ კითხვაზე "ოცნების" დეპუტატები არ პასუხობენ. სამაგიეროდ, დღეს დავით მათიკაშვილმა შტატებს იმის გამო უსაყვედურა, რომ პარტნიორი ქვეყანა საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამადიდებელი შუშით აკვირდება.

ივანიშვილის გუნდის დეპუტატმა შტატებს ურჩია, რომ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს მიხედოს, ამის მაგალითად კი ტრამპზე თავდასხმა მოიყვანა. 

ყველას, ვინც საქართველოთი დაინტერესდება, მოვუწოდებ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს, რომ სიმართლით და ობიექტურობით იხელმძღვანელონ და არა პოლიტიკური ინსინუაციებით, რომელიც სამწუხაროდ, ამა თუ იმ სივრცეში ახასიათებთ ჩვენს მეგობრებსაც და იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით მკვლელობის მცდელობა იყო, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, მათ ისეთ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმონ, რომელიც მათ საარჩევნო მარათონს და პირდაპირ პრეზიდენტობსი კანდიდატის მცდელობას ეხება", - ამბობს მათიკაშვილი. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მოლოდინი აქვთ, რომ დღეს სენატში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები არა მხოლოდ არჩევნების საკითხს მიმოიხილავენ, არამედ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც არჩევნებში რუსეთის ინტერესს და ჩარევას ადასტურებს. 

მთავარი საკითხი, არჩევნებისთვის, როგორც საქართველოში ასევე მოლდოვაში არის რუსეთის ჩარევა, საარჩევნო პროცესში და ყველაზე მკაფიოდ ეს საქართველოს მაგალითზე ჩანს, როდესაც რუსეთის დაზვერვის სამსხურის განცხადება გავრცელდა, ივანიშვილის პროპაგანდის მხარდამჭერი, რომ აქ ამერიკა რაღაც რევოლუციების მოწყობას გეგმავს და ამაზე, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, კომენტარი არ გააკეთეს. ეს ღიად აჩვენებს, რომ უპრეცედენტო იქნება რუსეთის ჩარევა, ამ არჩევნებში მით უფრო მას ჰყავს დასაყრდენი ხელისუფლება საქართველოში", - ამბობს თეონა აქუბარდია.

პოლიტიკოსები საუბრობენ "მეგობარ აქტზეც" და ამერიკის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვაზეც. 

,,სულ უფრო მეტი იქნება, როგორც კონგრესში , ორივე პალატაში ასევე სახელმწიფოს დეპარტამენტის მხრიდან, სულ უფრო მეტი განცხადება იქნება. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობის სრულმაშტაბიანი გადახედვა. ეს არის შედეგი ,,ქართული ოცნების“ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის“- ამბობს გია ჯაფარიძე.

 რამდენიმე საათში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი თემა საქართველო, მოახლოებული არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ინტერესებზე საქართველოში, განცხადება სხდომის დაწყებამდე გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთს ასეთი მცდელობა ყველა ქვეყანაში აქვს და გამონაკლისი არცსაქართველო იქნება.


 

მსგავსი სიახლეები