მდინარაძის მტკიცებით, ივანიშვილის ლიკვიდაციას "გლობალური ომის ძალები" გეგმავდნენ

23.07.24 15:46
მდინარაძის მტკიცებით, ივანიშვილის ლიკვიდაციას "გლობალური ომის ძალები" გეგმავდნენ

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების სავარაუდო ლიკვიდაცია "გლობალური ომის" ძალებთან არის კავშირში.

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ტრამპსა და ფიცოზე თავდასხმა, მათ შორის კობახიძის მიმართ მუქარა, ერთმანეთთან არის კავშირში. 

ამასთან, მისი თქმით,  თუ საჭირო გახდება, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ლიდერი მივა გამოკითხვაზე.

თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას. ყველაზე პატარა თანამდებობის პირია მამუკა მდინარაძე, ვის მიმართაც შეიძლება სავარაუდოდ, რაღაცები იგეგმებოდა და განსაკუთრებული აქცენტი, როგორც ჩვენ ვხვდებით და თქვენც მათ შორის, იყო ბიძინა ივანიშვილი. თუ საჭირო გახდება, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ლიდერი მივა გამოკითხვაზე და გასცემს პასუხს. ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, ირაკლი კობახიძეს რომ რაღაცაზე მიუთითეს, ეს ყველაფერი შემთხვევით, აგერ, მაინც და მაინც ორ სამ თვეში დამეთხვა ერთმანეთს? არ ხდება ეს გლობალური ძალის, რაღაც ძალის მიერ?, - თქვა მდინარაძემ. 

ბოლო რამდენიმე დღეა, ხელისუფლება და სამთავრობო არხები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. 

გამოკითხვიდან გამოსულმა ქართველმა მებრძოლმა, გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თქვეს, რომ გამომძიებლები მათ  ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაზე უსვამდნენ კითხვებს. 

მსგავსი სიახლეები