შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების უკან გახმობა - კობახიძე
კონტრპროდუქტიული - ასე აფასებს საქართველოს პრემიერი სენატში გაკეთებული უმწვავესი განცხადებებს.
ირაკლი კობახიძე შტატებს "მეგობარი აქტის" და "ქართველი ხალხის აქტის" უკან გახმობისკენ მოუწოდებს.
ქვეყნის პრემიერი სენატორების მიერ წარდგენილ აქტებს გაუგებარს უწოდებს და ამერიკისგან სამართლიან გადაწყვეტილებებს ითხოვს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ - ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. იცით, ამ ურთიერთობებში, გასული 3-4 წლის განმავლობაში, რამდენი რამ გაფუჭდა. ამ ფონზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ამერიკელი პარტნიორების მიმართ ჩვენი შეთავაზება. ამ ფონზე, ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელდა არის კონტრპროდუქტიული. ვიტოვებ იმედს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, ეს არის თანაბრად საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. იმედი მაქვს, რომ სათანადო შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.
თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ის გარდატეხა ურთიერთობებში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის მნიშვნელოვანია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების უკან გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ, იგივე სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ. ურთიერთობის გადატვირთისთვის პირველ რიგში არის აუცილებელი სამართლიანობა ურთიერთობებში და ჩვენ ველდოებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული", - ამბობს კობახიძე.
საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება!