ფოთის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასება - TI-ის ანგარიში

24.07.24 14:37
ფოთის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასება - TI-ის ანგარიში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს (შემდეგში - ფოთის საკრებულო) 2023 წელს გაწეულ  საქმიანობას აფასებს. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. 

TI-ის ინფორმაციით, ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა.

საკრებულო ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
ფოთის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
2023 წელს სულ საკრებულოს 15 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 3 იყო რიგგარეშე
საანგარიშო პერიოდში ფოთის საკრებულომ 44 დადგენილება მიიღო: 38  დადგენილების ავტორი/ინიციატორი ფოთის მერი იყო, 6 დადგენილებისა კი - საკრებულოს ცალკეული კომისიები.
ფოთის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან ხარვეზებით დეკლარაცია მხოლოდ ერთმა შეავსო;
საკრებულოს ფრაქციებს - “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა” და “ფოთი საქართველოსთვის” არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ. მხოლოდ ერთი ინიციატივა ჰქონდა ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”;
ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 467,410 ლარი შეადგინა, რაც 51,124 ლარით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

ფოთის საკრებულოში მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა, წინა პერიოდის მსგავსად, საბჭოს არ განუხორციელებია როგორც სამართლებრივ აქტების ანალიზი, ასევე ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე.  ფოთის საკრებულოში გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე არცერთი განცხადება, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაცია არ შესულა;
გაიზარდა საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი, 2023 წელს საკრებულოს წევრებმა 81-ჯერ გააცდინეს საკრებულოს სხდომები, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30 ერთეულით აჭარბებს. საკრებულოს წევრებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 69-ჯერ  გააცდინეს; 

საკრებულოს თანამდებობის პირთა შორის ყველაზე მეტი - 9 სხდომა  არასაპატიო მიზეზით გააცდინა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ  და ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, დათო ხომერიკმა;
გაუარესდა საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის მაჩვენებელი. 2023 წელს ამ უფლებით 35 წევრიდან არ უსარგებლია 15 წევრს. მოხსენებით არ წარმსდგარა საკრებულოს 23 წევრი;
ფოთის საკრებულომ 2023 წელს 1,792,572 ლარი დახარჯა, რაც 226,776 ლარით მეტია 2022 წელის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 1,502,572 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა;

საკრებულომ 2023 წელს 79,786 ლარად შეისყიდა 30.2 ტონა საწვავი, რომლის  საერთო ოდენობის 13.7% (4,147 ლიტრი) ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ მოიხმარა;
2023 წელს გაწეული საქმიანობისთვის გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად  116,478 ლარი მიიღეს იმ წევრებმა, რომლებიც არ იკავებენ თანამდებობას. სატელეფონო კომუნიკაცია ფოთის საკრებულოს 8,358 ლარი დაუჯდა. სამივლინებო ხარჯებმა 15,436  ლარი შეადგინა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სრულად ნახეთ აქ.  

მსგავსი სიახლეები