პრეზიდენტს მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ - სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერებს ხვდება
ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა დოლიძე და ლევან ცუცქირიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მათი იდეა იყო, ახალი პოლიტიკური ცენტრის ხედვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის გაეცნოთ.
როგორც შეხვედრაზე მისულმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ახალი გაერთიანება სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიაზრებს.
"პრეზიდენტთან გვაქვს შეხვედრა ჩვენი თხოვნით, რომ მას გავაცნოთ კოალიციის გეგმები, ის ნაბიჯები რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი მის კომპეტენციაში ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის გზაზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაში და შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამ მიზნით არის დაგეგმილი"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჩვენ შევქმენით მძლავრი კოალიცია, რომელიც ემზადება, რომ გახდეს ქვეყნის მმართველი ძალა და დააბრუნოს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე. დღეს მოვედით იმიტომ რომ ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით პრეზიდენტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, ვინაიდან ევროკავშირისთვის რეფორმების გზაზე რეზიდენტი ერთ ერთ მთავარ მოკავშირედ მიგვაჩნია"- თქვა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ.
ჩვენ, როგორც ახალდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ქარტიას. გვინდა გავუზიარო ჩვენი ხედვა იმაზე, თუ სად ვხედავთ ამ კოალიციის მნიშვნელოვან როლს. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს კოალიცია იქნება ცენტრალური აქტორი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში", - განაცხადა"თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.