"ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, ყველა ხმა დასაცავია"- გახარიას გუნდი
გახარიას გუნდის თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და მნიშვნელოვანია, ყველა ხმა იქნას დაცული - ამის შესახებ ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის" ეთერში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით დააკვირდება.
"ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამ რაც გუშინ მოხდა ეს იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე, როგორც სრულიად დასავლური ცივილიზებული სამყარო აპირებს უპრეცედენტო დაკვირვება აწარმოოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აქ არის საუბარი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არჩევნები, რომლის გაყალბებისთვისაც „ოცნება“ ემზადება და ყველაფერი ამაზე მეტყველებს მათი პროპაგანდიდან დაწყებული მათი ქმედებებით დამთავრებული, ბუნებრივია არის დასაცავი" - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“ ააქტიურებს, ექსპრემიერის გუნდში ამბობენ, რომ ჯგუფის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.
მათივე თქმით, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, პერიოდულად კი საზოგადოებასაც შეაწტყობინებენ აღნიშნულის შესახებ.
რაც შეეხება კონგრესმენების რეაქციას, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "უხეირო დიქტატორს" შეადარა: "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს"