ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" განაჩენი გამოუტანეს - ირაკლი ნადირაძე
"გუშინ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გამოუტანეს განაჩენი" - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე საქართველოს შესახებ სენატში გაკეთებულ მწვავე განცხადებას.
როგორც მან ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის" ეთერში განაცხადა, გუშინ სენატიდან ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უთხრეს, რომ არჩევნებს არ გააყალბებინებენ.
მეტიც, ოპოზიციონერის თქმით, რუსული კანონის მიღების შემდეგ "ოცნების" ხელისუფკებამ ამომრჩევლების დიდი ნაწილი დაკარგა.
ნადირაძე ამბობს, რომ ეს ყველაზე კარგად ივანიშვილის გუნდმა იცის და ახლა ცდილობენ, როგორმე რუსეთუმე ამომრჩეველი შეინარჩუნოს.
"გუშინ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გამოუტანეს განაჩენი და რატომ იყო განსაკუთრებულად მტკივნეული ეს ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“. ივანიშვილს და „ოცნებას“ მხარდამჭერები ჰყავდა ნახევარი რუსეთუმეები და ჰყავდა ნახევარი, რომელსაც აჯერებდნენ და ატყუებდნენ რომ უნდოდათ ევროპა. ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ის პროცენტები, რომლებიც ჰქონდათ წინა არჩევნებზე ვერ გაზრდიან და რუსული კანონის შემდეგ დაკარგეს ძალიან ბევრი ამომრჩეველი და მათი ამოცანაა, რომ როგორმე რუსეთუმე ამომრჩეველიც შეინარჩუნოს და პროევროპულებიც" - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "უხეირო დიქტატორს" შეადარა: "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს"