მსაჯული არის ქართველი ხალხი და ღმერთი - ალუდა ღუდუშაური
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ საქართველოსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შეიცვლება - "ქართული ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ევროპაში ვითარების დასტაბილურების შემდეგ დალაგდება.
ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მიუხედავად 30 ივლისს სენატში გასამართი მოსმენისა, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები არგუმენტებს და ფაქტებს არ მოიყვანენ, მათ განცხადებებსა და დისკუსიებს "დატვირთვა ვერ ექნება".
"მსაჯული არის ქართველი ხალხი და ღმერთი" - თქვა ღუდუშაურმა.
ყოველ დღეც რომ ისაუბრონ, თუ საუბარს არ მოაყოლებენ კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს, ვერანაირი სხვა დატვირთვა ვერ ექნება. ჩვენი მოძმე უკრაინელები სამართლიან მშვიდობას მიაღწევენ და დაასრულებენ საომარ მოქმედებას, ჩვენი ქვეყნის მიმართ გაცხოველებული ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოქმედებები იყოს მკვეთრი, იქნება ძალიან მალე შეცვლილი. აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი არის, როგორი მეგობარი ქვეყნის და როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს, სიტყვა განსჯა იყოს გამოყენებული. მსაჯული არის ქართველი ხალხი და ღმერთი", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართება, სენატორები იმსჯელებენ საქართველოზეც.
ინფორმაცია ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მისი თქმით, მოსმენის ინიციატორი სენატორი ჯინ შაჰინია.
მოსმენას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი დაესწრება.
მთავარი ფოკუსი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები - წერს რაუფოღლუ.