comcom-მა "მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა და სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა და სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა.
გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით კრიტიკულად დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს განაპირობებს.
ექსპერტების შეფასებით, ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, ხასიათდება დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირით, ასევე, პროგრესის დეფიციტით და წინასწარი რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.
არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით კი, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს დაშვების ვალდებულებები, რომელთა მეშვეობით, სხვა ოპერატორებს გარკვეულ ფასად შეეძლებათ „მაგთიკომის“ ქსელსა თუ ინფრასტრუქტურაზე დაშვება, რაც ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერებს მოხსნის და დაშვების მსურველ ოპერატორებს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. აღნიშნული კი, ბაზარზე დადებითად აისახება და ქართველი აბონენტები, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ComCom-მა 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე. აღნიშნულ კვლევას კი რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ექსპერტებმა გაუწიეს. კვლევის ყველა ეტაპზე კი, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო.