საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს - კონგრესმენი
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს" - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მიჩიგანიდან ბილ ჰაიზინგამ განაცხადა.
"ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს", - ამბობს კონგრესმენი ჰაიზინგა.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს.