ანა ნაცვლიშვილი 400 ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებულ აქტივისტებს თავდებში უდგება

25.07.24 17:19
ანა ნაცვლიშვილი 400 ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებულ აქტივისტებს თავდებში უდგება

"ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი 400 ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებულ აქტივისტებს, 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს თავდებში უდგება. 

შესაბამის განცხადებას დეპუტატმა პარლამენტში, მედიის თვალწინ მოაწერა ხელი. 

როგორც ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათი საპატიმროში ყოფნა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, უნდა გათავისუფლდნენ.

მინდა გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ სასამართლო აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან. ამ ადამიანებს ხელისუფლება უპირებს, რომ 400 - ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, რაც ჯერ დამტკიცებული არ არის, მრავალი წლით გაუშვას ეს ახალგაზრდა ადამიანები ციხეში. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ბრალი არც კი დამტკიცებულა, ეს ადამიანები უკვე მერამდენე თვეა არიან საპატიმრო დაწესებულებში. მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ პირადი თავდები ვიყო იმისა, რომ ეს ახალგაზრდები არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან. ნუ არიან ისინი ხელისუფლების მიერ გამომწყვდეული საპატიმროში. სასამართლო პროცესები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ სანამ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით, მათი ციხეში ყოფნა, გავეცანი რა სამართლებრივ დოკუმენტებს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მზად ვარ, რომ პირადად თავდებში ჩავუდგე ამ ადამიანების გათავისუფლებას.

თხოვნით მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ჩემთან ერთად შეუპოვრად იბრძოდა რუსული კანონის წინააღმდეგ, მივმართავ ასევე საზოგადოებას, რომ დავდგეთ ამ ახალგაზრდების თავდებში და არ დავტოვოთ ისინი მარტო რეჟიმთან, რომელიც ცდილობს, რომ სამაგალითოდ დასაჯოს ისინი. ამ თვალსაზრისით ვხედავთ სერიოზულ უკანონო პროცესს, რომლის მომსწრე მე თავად გავხდი საქალაქო სასამართლოში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები სასამართლომ პატიმრობაში გუშინ დატოვა. 

დაცვის მხარე სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, უფლებადამცველებს თან ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (გამოძიება აქტივისტებს 400-ლარიანი ნივთის (ჯებირის) დაზიანებას ედავება). 

თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევების ინსტიტუტმა“ (DRI) გადარიცხა, დამადასტურებელი ცნობა კი მოსამართლეს ადვოკატებმა წარუდგინეს, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის ასამართლებს. წარდგენილი ბრალი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამასთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საზოგადოებას სთავაზობს ანტირუსულ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს, საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.

მსგავსი სიახლეები