"ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს" - პაპუაშვილი ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე

26.07.24 12:43
"ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს" - პაპუაშვილი ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე

„ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს - სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

პაპუაშვილი კვლავ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და იმეორებს მმართველი ძალის რიტორიკას, რომ მათ ქვეყანას უღალატეს.

დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა, ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა. 
გეტყვით ჩამონათვალს, თუ რა იყო მათი ხედვა, ეს იყო სამხედრო დახმარება - კერძოდ, მოხალისე მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და მეორე, ეს იყო სანქციების დაწესება, კერძოდ, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება, რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების აკრძალვა, რუსული სანომრე ნიშნებით შემოსვლის აკრძალვა, საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება.
დღეს ოპოზიციას და ენჯეოებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც ორი წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა,“ - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები