თავად მოიაროს საქართველო, ქუთაისელებს უთხრას, რატომ ჩამოიქცა გელათი. პენსიონერებს განუმარტოს, რატომ არის დაბალ ნიშნულზე მათი პენსია - ბუაძე პაპუაშვილზე
"ეს ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს," - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე საუბრობს და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
საქმე ეხება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგს, სადაც პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს".
სამარცხვინო შალვა პაპუაშვილი პირდაპირ გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციიდან გადახტა ივანიშვილის კალთაში იმისთვის, რომ გაავრცელოს ის ტყუილი, რომლითაც გაუხარებს მას გულს. თავად მოიაროს საქართველო, ქუთაისელებს უთხრას, რატომ ჩამოიქცა გელათი, ბათუმელებს უთხრას, რატომ არის მთელ აჭარაში რუსების უკონტროლო შემოდინება მთელი წლის განმავლობაში, კახელებს უთხრას, რატომ არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა არ არის ამ ქვეყანაში, და პენსიონერებს მთელი საქართველოს მასშტაბით განუმარტოს, რატომ არის მათი პენსია ასეთ კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე. სინამდვილეში, ეს ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს,“ - ამბობს საბა ბუაძე.