ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს - პაპუაშვილი

26.07.24 13:39
ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პრაქტიკულად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა. 

რაც შეეხება "გლობალურ ომის პარტიასთან" დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ განცხადებას, "ოცნება" ამტკიცებს, რომ ამის დამადასტურებელი არაერთი ინფორმაცია ინტერნეტში იძებნება. 

შეგიძლიათ თქვენ საჯარო წყაროებიდანაც გასცეთ პასუხი. ის, ვინც ჩვენ მოგვიწოდებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, მოხალისეების გაგზავნისკენ, სამხედრო აღჭურივილობის მიწოდებისკენ, ისინი ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, რომ ეს ომში ჩართვას ნიშნავდა ან მავნებლები არიან. ის, რაც დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, რომელზეც, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან იქნება საუბარი. არასდროს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ჩართვა ომში. თითქოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ხელისუფლებას აბრალებდა, რომ მას სურდა, საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან გულსაკლავი მომენტი და ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა შეიცვლება, - ამბობს პაპუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები