ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მუქარის გარეშე უნდა მოახერხოს ამომრჩეველთან შეხვედრა და ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ტიპის შიში შეხვედრის - დოლიძე
"ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისუფლად, ყოველგვარი ზეწოლის თუ მუქარის გარეშე უნდა მოახერხოს ამომრჩეველთან შეხვედრა და მათ შორის, ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ტიპის შიში, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრის ან მათი მოსაზრებების გაზიანების", - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე საუბრობს.
ნინო დოლიძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოსახლეობა ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო შეხვედრების დროს "პასუხს მოსთხოვს".
დოლიძის შეფასებით, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა არჩევნებამდე - რუსული კანონის მიღება თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვება, რაც წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს.
ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ თუკი კარგად ჩაატარებს ამ არჩევნებს, ეს იყოს შემდგომი ეტაპი ქვეყნის ევროინტეგრაციის, თუმცა კიდევ ერთხელ დაველოდოთ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი პრობლემა გვქონდა ბოლო პერიოდში, მათ შორის რუსული კანონის პერიოდში და ვნახეთ არაერთი ფაქტი, რომელმაც დააზიანა ეს გარემო, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოფისებზე თუ სახლებში მოვარდნა და წარწერების გაკეთება, ზარები ჩვენთან და ა.შ., რაც რა თქმა უნდა, აზიანებს უკვე წინასაარჩევნო პერიოდს,“ - ამბობს ნინო დოლიძე.
"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს".