რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ამაზე საუბრის დროც აუცილებლად დადგება - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უცხოელი პარტნიორები საქართველოს მთავრობისგან ითხოვდნენ, თუმცა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა.
ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა, რომ "რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები, დახურულ კარს მიღმა ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება".
,საზოგადოებას ალბათ ასხოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოდან (რუსეთის მიმართ) სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა, თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯაროდ დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები, დახურულ კარს მიღმა ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება". - ამბობს პაპუაშვილი.
გუშინ ასევე "რაღაცის თქმა" დააანონსა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც:
ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ - თქვა მდინარაძემ.