აღსრულება სწორედ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის წინა დღეს მოითხოვა კალაძემ - მელაძე
კახა კალაძე "ტვ პირველის" წინააღმდეგ - თბილისის მერის მხრიდან აღსრულების პროცედურების დაწყებას ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს, რომელიც ხვალ უნდა გავიდეს შაბათის ეთერში.
გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაგეგმილია, რომ ხვალ გავა რეპორტაჟი კახა კალაძის ქონებაზე, რომელიც დეკლარაციაში არ არის ასახული.
ნოდარ მელაძე სწორედ ამ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს აღსრულების პროცედურების დაწყებას და თვლის, რომ ამით ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ცდილობს.
ჩვენ ხვალისთვის ვამზადებთ გამოძიებას იმ ძვირადღირებულ ქონებაზე, რომელიც მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის მერის განკარგვის ქვეშ არის, თუმცა ის არ არის დეკლარირებული და ჩვენ ვერ ვიპოვეთ ეს ქონება დეკლარაციაში. თბილისის მერიას ჩვენ გავუგზავნეთ წერილი რამდენიმე დღის წინ, პასუხად მივიღეთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტვ პირველს აქვს წაგებული სასამართლო დავა და 2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ ამ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის წინა დღეს მოითხოვა კახი კალაძემ, რაც ჩვენთვის ცხადს ხდის, რომ სასამართლოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყენებენ მედიაზე წნეხისთვის, მედიაზე ზეწოლისთვის, რომ ჟურნალისტები დააშინონ და ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც დაშინების მცდელობას, რომ რაღაცნაირად ხვალ ის გამოძიება, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ეთერში არ გავუშვათ. ამ აღსრულების მიზანი არის მედიაზე ფინანსური წნეხის გაძლიერება, იმიტომ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კრიტიკული მედია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და კახი კალაძის ადვოკატმა დღეს თავად დაადასტურა, რომ ისინი მოითხოვენ მათ შორის, თუ არ მოხდება ამ თანხის კალაძის ანგარიშზე წარმართვა, მოითხოვენ, რომ მოხდეს ტელევიზიის ანგარიშების და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება. როგორც მე ვიცი, ტელევიზიის ანგარიშზე ასეთი თანხა არ არის ახლა, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მოსვლას, ალბათ, კომპიუტერებს წაიღებენ, მიკროფონებს, კამერებს - გაყიდიან შემდეგ აუქციონზე და ამ რეალიზებული ქონებით მოახდენენ კახი კალაძის ანგარიშზე ამ ფულის ჩარიცხვას,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.
კალაძემ "ტვ პირველის" წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო - ტელევიზიის ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს. თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს, კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს - უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა. თბილისის მერი "ტვ პირველის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.