მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის გასათავისუფლებლად ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების, საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის გასათავისუფლებლად ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს - საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები 400-ლარიანი ჯებირის გამო 6-წლიანი მუხლით დაკავებულ ახალგაზრდებს თავდებში უდგებიან.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ ჯარიმის თანხა უკვე გადახდილია, ამიტომ გალდავა იმედს გამოთქვამს, რომ 30 ივლისს ჩანიშნული პროცესის შემდეგ ახალგაზრდები თავისუფლებაზე იქნებიან.
ჩვენ ვუდგებით თავდებში ამ ადამიანებს, რომ გამოუშვან. ისინი ითანამშრომლებენ სასამართლოსთან, დაესწრებიან პროცესებს. "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, სხვა დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან თავდებში უდგებიან, რომ გადახდილი არის ჯარიმის თანხა, ეს ადამიანები არ გაექცევიან არანაირ პასუხისმგებლობას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან, ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ მოსამართლესაც უნდა გააჩნდეს საკუთარი პროფესიის პატივისცემა და მან უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომ სანამ ბრალი დამტკიცებული არ არის, როდესაც გადახდილია ჯარიმის თანხა, სამართლებრივად არასამართლიანია და ამორალური, რომ ეს ახალგაზრდები რჩებიან პატიმრობაში", - ამბობს ლანა გალდავა.
როგორც უფლებადამცველები "პირველებთან" ამბობენ, დოკუმენტზე უკვე საკმარისი ხელმოწერები არსებობს და მოსამართლე ნათია გუდაძეს სამართლებრივი დოკუმენტი 30 ივლისს გაეგზავნება.
გვაქვს საკმაო ადამიანების ხელმოწერა და 30 ივლისს სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლებთ, რომ მეფარიშვილის და ოკრიბელაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახე, პატიმრობა, შეიცვალოს და ეს ორი ახალგაზრდა გარეთ დაელოდოს საკუთარ საქმეზე გადაწყვეტილებას", - ამბობს ანა თავხელიძე.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის გათავისუფლების მიზნით პეტიციას ხელს "ლელოს" წარმომადგენლები აწერენ. ანა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პოლიტიკოსთაგანია, რომელმაც სამართლებრივი დოკუმენტი პარლამენტში მიიტანა
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის ასამართლებს. წარდგენილი ბრალი 3-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოში მომდევნო სასამართლო პროცესი 30 ივლისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.