"ოცნების" ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ემიგრაციის წინააღმდეგ ტერორი დააანონსა - გეგელია

27.07.24 15:38
"ოცნების" ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ემიგრაციის წინააღმდეგ ტერორი დააანონსა - გეგელია

"ოცნების" ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ემიგრაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ფორმის ტერორი დააანონსა" - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გეგელიას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი ემიგრანტების "ეროვნული სიიდან" წაშლაა, რაც მისი განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულმა სამოქალაქო პოზიციამ განაპირობა.

"ჩვენ ვისმენთ სამარცხვინო განცხადებებს მთავრობისგან, რომლის წევრებიც ნახევარმილიონიანი საათებით გადაადგილდებიან" - ამბობს გეგელია და "ოცნების" წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია სახსრები მეტი საარჩევნო უბნის გასახსნელად, "ცინიკურსა" და "ბოლშევიკურს" უწოდებს.

მინდა გამოვეხმაურო საგანგებო და საყურადღებო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ემიგრაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ფორმის ტერორი დააანონსა მათი სრული წაშლით ქართული, ეროვნული სიიდან. არა მხოლოდ საქართველოს აღრიცხვიდან, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა უკვე წლების განმავლობაში, როდესაც არ აღრიცხავს ჩვენს ემიგრაციას, როდესაც ცდილობს, წაშალოს ისინი ჩვენი ეროვნული რიცხვიდან, არამედ ახლა უკვე საკონსულო აღრიცხვებიდან სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ეს ემიგრანტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და აძლევდნენ ხმას. ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყენებდნენ საკუთარ დემოკრატიულ უფლებას, რაც არის ხმის უფლება და ახლა რეპრესიულმა, ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ისინი დასაჯოს საკუთარი მკაფიო პოზიციის გამო რუსული კანონის და რუსეთის მსახური ხელისუფლების წინააღმდეგ.

დღეს ახალი ტალღა გამოცხადდა ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა. დღეს ახალი ტალღა დაანონსდა საქართველოს ეკონომიკის მთავარი დამფინანსებლების, ჩვენი ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დღეს უკვე ყველა ემიგრანტს გვინდა მოვუწოდოთ, რომ საკუთარი თავები გადაამოწმონ სიებში, სადაც ისინი შეიძლება, რომ აღარ იყვნენ საკუთარი პატრიოტიზმის და საკუთარი სწორი პოლიტიკური პოზიციების გამო.

ამავე დროს ჩვენ ვისმენთ სამარცხვინო განცხადებებს მთავრობისგან, რომლის წევრებიც ნახევარმილიონიანი საათებით გადაადგილდებიან, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია ელემენტარული სახსრები იმისათვის, რომ გახსნას დამატებითი უბნები, რაც არის ცინიზმის მწვერვალი და ამავე დროს იმ ანტიდემოკრატიული, ბოლშევიკური სულისკვეთების გამოხატულება, რასაც რუსეთის მსახური "ქართული ოცნება" განახორციელებს", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს. მიზეზი "ოცნების" პოლიტიკური გადადწყვეტილებაა. ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. არადა კანონში პირდაპირ წერია, რომ უბანი უნდა იყო იქ, სადაც არანაკლებ 50 ამომრჩეველი ცხოვრობს.