ციხე 400 ლარისთვის - უცნობი ისტორიები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე
აქამდე უცნობი ისტორიები მათზე, რომლებიც 400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანების გამო ციხეში გამოკეტეს - 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი თბილისის ზღვის მცველი იყო. ვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა, სანაპიროს სარეველა წყალმცენარეებისგან წმენდა. ეს მისი საქმე არ ყოფილა, მაგრამ ვერ ეგუებოდა, რომ იქ სადაც დამსვენებლები ადიოდნენ, უწესრიგობა ყოფილიყო. ომარ ოკრიბელაშვილი სკოლის მერხიდან შრომობდა, რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს დახმარებოდა. რთული სამუშაო დღის შემდეგ კი უკვე დარაჯად დასაქმებულ ბაბუას ეხმარებოდა. შრომა რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდას არასდროს დაზარებია. ოჯახს როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. მუშაობდა კურიერადაც.
როცა რუსული კანონის წინააღმდეგ და ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში აქციები დაიწყო, ომარიც პირველივე დღიდან იქ დადგა.
16 მაისის ოკრიბელაშვილი საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ომარის სახლში სამართალდამცველებმა იპოვეს საქართველოს დროშა და ის საქმეში მტკიცებულებად ჩადეს.
მშობლები გვიყვებიან, რომ 19 წლის ომარს აიძულებდნენ, ცრუ ჩვენება მიეცა, ეთქვა, რომ თითქოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მას ვიღაცამ ფული გადაუხადა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული რკინის ჯებირის აღსადგენი თანხა უკვე მთლიანად გადარიცხულია. ის ხალხმა მშენებელი მამის და დიასახლისი დედის ჩარევის გარეშე შეაგროვა და სოციალურად დაუცველი ოჯახის ნაცვლად გადაიხადა, მაგრამ ამის მიუხედავად ომარ ოკრიბელაშვილს ციხიდან არ უშვებენ.
მარისთან ერთად დაკავებულია საბა მეფარიშვილი - ისიც ანტირუსული დემონსტრაციების მონაწილეა. საბასაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან. საბა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ხანდაზმული მშობლების და ლოგინს მიჯაჭვული დეიდის. ვანიდან თბილისშიც სამუშაოდ წავიდა, რომ ხელმოკლე ოჯახი ერჩინა. იფიქრა, რომ დედაქალაქში სახლების გარემონტებიდან უფრო მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე იმერეთში
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამის მიუხედავად ქართული ოცნების გამოძიება ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ მდებარე ამ რკინის ჯებირის დაზიანება ერთად დაგეგმეს. დედა ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც 23 წლის საბა მეფარიშვილს სამაგალითოდ სჯიან მათი პოლიტიკური შეხედულებაა.
ირკვევა, რომ საბა მეფარიშვილის დაკავების შემდეგ ოჯახს პენსიის ნაწილი მოუხსნეს. ახლა სოციალურად დაუცველი ოჯახი 50 ლარით ნაკლებს იღებს.
20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი გურიიდან მოსამართლემ უკვე პატიმრობაში დატოვა. მას გამოძიება ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - სხვისი ნივთის დაზიანებას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას. საუბარია, ასევე რკინის ჯებირის დაზიანებაზე და მეხანძრე მაშველისთვის ქვის სროლაზე. ბუბუტეიშვილი ბრალდებას არ აღიარებს. ამბობს, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, მაგრამ მას პარლამენტის შენობაში მყოფი მეხანძრისთვის ის არ უსვრია. პროკურატურის წარმომადგენელი თან ამბობს, რომ ქვას არ უფრენია, მაგრამ თან კამერების წინ ამტკიცებს, რომ ქვას ფრენა შეუძლია. გამოძიების ვერსიით გამოდის, რომ ბუბუტეიშვილის ნასროლი ქვა პარლამენტის შიდა ეზოში შეფრინდა, სპეცრაზმის და პოლიციის კორდონს გადაუფრინა და მეხანძრე მაშველს პირდაპირ მარცხენა მხარი დაუზიანა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. 20 წლის ახალგაზრდა თბილისში ძმასთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა და თავს და ოჯახს მცხობლის ხელფასით არჩენდა.