სამხედრო ქალი დამცირებაზე, შანტაჟსა და უსამართლო სასჯელებზე საუბრობს - რა მოხდა მესამე ქვეით ბრიგადაში
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - რა მოხდა მესამე ქვეით ბრიგადაში? 27 წლის მსროლელი, თამუნა პეტუაშვილი ხელმძღვანელების მხრიდან დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე ღიად ალაპარაკდა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში ცდილობს.
27 წლის ქალის მონათხრობის მიხედვით, ყველაფერი 2022 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, მისი თქმით, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის საჯაროსო ნაწილი სამუშაო დღის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, რა დროსაც ბაზის საიარაღოდან "იუნკერების" ხმა გაიგო, რომ მას მისი კუთვნილი მ4 ტიპის იარაღი გასაწმენდი დარჩა და სწორედ ამ დროს დაიწყეს ბაზაზე დროებითი სწავლების ფარგლებში მივლენილმა ჯარისკაცებმა ახალგაზრდა ქალის და მისი ოჯახის მისამართით ქილიკი.
ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ ბაზაზე კონფლიქტს რომ არიდებოდა, საქმის კურსში მისი ოცმეთაური ჩააყენა, თამუნა პეტუაშვილის თქმით, ბაზის ოცმეთაურმა და სერჟანტმა სახლში გაუშვა. ამ გადაწყვეტილების მიღებას კი "იუნკერების" მხრიდან ბაზაზე, ვის დაქვემდებარებაშიც მსროლელი არ იმყოფებოდა, ადგილობრივ ოფიცრებთან დაპირისპირება მოჰყვა.
ახალგაზრდა ქალს სახლში წასვლა რომ დაუგვიანდა ტელეფონზე მეუღლემ ასევე ჯარისკაცმა მერკვილაძემ დაურეკა და ვითარების ახსნა სთხოვა. "შაბათის ეთერის" რესპოდენტის განცხადებით, ოფიცრები მსროლელ ქალს ტელეფონს ართმევენ და მის ქმარს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მოგვიანებით ე.წ. რაზბორკაზე მესამე ქვევით ბრიგადაში იბარებენ და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.
თამუნა პეტუაშვილის გაცხადებით, მის მესამე ქვევით ბრიგადაში განხორციელებული ზეწოლისა და შეურაცხყოფების ფაქტები ყაზარმაში დამონტაჟებულ სათვალთვალო ვიდეო კამერებს უნდა დაეფიქსირებინა. 27 წლის მსროლელმა კამერების ჩანაწერების ამოღების მიზნით განაცხადი სამხედრო პოლიციაში დაწერა, თამუნა პეტუაშვილს ამ ჩანაწერების ნახვის შესაძლებლობა არ მისცეს.
ახალგაზრდა ქალის მონაყოლის თანახმად, ორშაბათს მსროლელს კაბინეტში მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური იბარებს. მისი თქმით, იმის ნაცვლად რომ ახალგაზრდა ქალისათვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბოდიში მოეხადათ, აქეთ უწერენ ოფიციალურ საყვედურს და მას გამოყენებული იარაღის შენახვაში ადანაშაულებენ.
თამუნა პეტუაშვილი თავდაცვის ძალებში კონტრაქტორი იყო. წესდების მიხედვით, რიგითის გაშვება ხელმძღვანელობას შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამოც შეეძლო. უფროსთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, მას უთხრეს, რომ არა ერთი, არამედ სამი საყვედური გამოეცხადა.
დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება მსროლელმა ქალმა გენშტაბში გაასაჩივრა. "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც 2023 წლის 24 იანვრით თარიღდება და ხელს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნაში მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ლევან ბერაია აწერს. სადისციპლინო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით რიგით თამუნა პეტუაშვილს ორი საყვედური გაუუქმდა და ძალაში გენშტაბმა მხოლოდ ერთი დაუტოვა.
თამუნა პეტუაშვილის თქმით, გენერალური შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ის ბრიგადაში დაიბარეს და ჯარისკაცის შანტაჟი ამჯერად უკვე ბრიგადის მაღალჩინოსნების კაბინეტში გაგრძელდა.
ქალი ამბობს, რომ როდესაც ბრიგადის ხელმძღვანელ პირებს უთხრა, რომ გაჩუმებას არ აპირებდა და მის სიმართლეს ყველას დაუმტკიცებდა, ბრიგადის ადმინისტრაციამ გენერალური შტაბის დასკვნა არაფრად ჩააგდო და ისევ სამ ნაწილში დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა.
ქალი ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, მესამე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელთან მილერ ხაბულიანთან და შტაბის უფროსთან გოგა ჯღამაიასთან შეხვედრის. ხელმძღვანელობამ მსროლელ ქალს უთხრა, რომ "მათ მიერ შეთავაზებული შანსი რიგითმა ვერ გამოიყენა, არ გაჩუმდა. "იუნკერებთან" დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ბაზიდან გაიტანა და ამიტომ მის მიმართ კანონით მინიჭებული ზომები იქნებოდა გამოყენებული".
თამუნა პეტუაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ სისტემის პირისპირ მარტო დარჩა და გენერალურ შტაბში კიდევ ერთხელ გასაჩივრებას აზრი უკვე აღარ ჰქონდა, მესამე ქვეითი ბრიგადის მმართველების გადაწყვეტილებებზე დავა საქალაქო სასამართლოში დაიწყო. რიგითი პეტუაშვილი, რადგან ადვოკატის ფული არ აქვს, პირველ ინსტანციაში საკუთარ თავს თავად დაიცავს. ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასამტკიცებლად.