იღებს თუ არა გომელაურის მოადგილე დამატებით შემოსავალს კვერცხის ბიზნესიდან?

27.07.24 21:24
იღებს თუ არა გომელაურის მოადგილე დამატებით შემოსავალს კვერცხის ბიზნესიდან?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ბედოიძის მამის სახელი კვერცხის ბიზნესში - "შაბათის ეთერის" ხელშია დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ  კვერცხის  ბიზნესის მართვის სათავეში წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მამა, მიხეილ ბედოიძე იდგა. 

  • კომპანია "ჩემი კვერცხი",  "ეკო კვერცხის" სახელით 2019 წლის 20 დეკემბერს დაარეგისტრირეს.  
  • დაფუძნების დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 100 პროცენტიან წილს ზაურ გოგინაშვილი ფლობდა, თუმცა  საწარმოს შემქმნელმა კომპანიის დირექტორად მიხეილ ბედოიძე დანიშნა. 

ირკვევა, რომ ტერიტორია, სადაც "ჩემი კვერცხის" საწარმო შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილის მამის კომპანიამ ააშენა, სახელმწიფოს საკუთრება იყო.  21 ათას 38 კვადრატული მეტრი მიწა,  შენობა ნაგებობითა და აუზით,  "ეკო კვერცხების" მფლობელს ქონების მართვის სააგენტომ უპირობო აუქციონზე 149 ათას ლარად მიყიდა. 

  • 2019 წელს, როდესაც მიხეილ ბედოიძე კვერცხის ბიზნესს სათავეში  ჩაუდგა, მისი შვილი შალვა ბედოიძე სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ის სუსში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მამა, კვერცხის ბიზნესს თითქმის ორი წელი ხელმძღვანელობდა. ის კომპანია "ჩემი კვერცხის" დირექტორი 2019 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო.  სწორედ  მისი დირექტორობის დროს აშენდა სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე ორი ფერმა. 

ინფორმირებული ადამიანი ძალოვანი უწყებიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ  კვერცხის წარმოება  გოგინაშვილებისა და ბედოიძეების ერთობლივი ბიზნესია. კომპანიის საბუთებიდან კი მიხეილ ბედოიძის გვარი ფორმალურად მხოლოდ მაშინ გააქრეს, როდესაც  შალვა ბედოიძე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა. 

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ახლა შპს "ჩემი კვერცხის" დირექტორის თანამდებობას ზაქარია მეტრეველი  იკავებს. მას ჩააბარეს კომპანია, რომლის ამონაგებმაც ოფიციალური მონაცემებით,  2022 წელს  2 მილიონ ნახევარს გადააჭარბა.  

  • ზაქარია მეტრეველი "შაბათის ეთერის" დანახვამ ისე დააბნია, რომ ამტკიცებდა, რომ კომპანიის საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. არ იცის ის,  რა რაოდენობის კვერცხს აწარმოებენ და არც ის სად იყიდება „ჩემი კვერცხი“.  ოჯახის წევრები კი გაოგნებას ვერ მალავენ, როდესაც იგებენ, რომ ზაქარია მეტრეველი დიდი საწარმოს ხელმძღვანელია.

ვინ არის დავით გოგინაშვილი, რომლის სახელზეც საჯარო რეესტრში 13 კომპანიაა რეგისტრირებული?

კვერცხის საწარმო, ღვინის ბიზნესი, აგრო მაცივრები და სამშენებლო კომპანიები - ყველა ამ მიმართულებაში შალვა ბედოიძის ახლო მეგობარს ან წილი აქვს ან სრულად ფლობს  ბიზნესს.  

მეტიც, "შაბათის ეთერმა" მიაგნო ლისზე გომელაურის მარჯვენა ხელის მამის სახლზე გაფორმებულ სახლს. გაირკვა ისიც, რომ 500 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა, ისევ კვერცხების ფერმის მფლობელის სახელზეა გაფორმებული. 

იღებს თუ არა გომელაურის მოადგილე დამატებით შემოსავალს კვერცხის ბიზნესიდან? - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი