"მოგიწევთ პასუხისგება" - კალაძის პირველი კომენტარი სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ დედაქალაქის მერი ისევ ამტკიცებს, რომ დეკლარაციაში მიუთითა ყველაფერი, რაც დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. ამასთან, კახა კალაძე თავს "ტვ პირველს" ესხმის და მას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კალაძე ისევ იმ ფაქტს იშველიებს, რომ "ტვ პირველმა" მასთან სასამართლო დავა წააგო.
რაც არის გათვალისწინებული დეკლარაციით, ყველა ხარჯი ნაჩვენებია დეკლარაციაში ჩემს პირად გადასახადებში. სხვათა შორის, ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, თქვენ ხართ გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, სიცრუეში შეიყვანოთ. სხვათაშორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ასევე, მინდა გითხრათ, ყველა ინსტანცია და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე, მინდა დაგარწმუნოთ და რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ყველა ჩემს მიერ გადახდილი ერთი თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამასთანავე, იმასაც გეტყვით, რომ ორჯერ მოხდა ჩემი შემოწმება დეკლარაციების ბოლო წლების განმავლობაში. არანაირი კითხვა არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არის ნაჩვენები, - ამბობს კალაძე.
კითხვაზე, რატომ დაიწყო აღსრულება მაინც და მაინც ახლა, როცა ეთერში მის შესახებ რეპორტაჟი უნდა გასულიყო, კალაძე ამტკიცებს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. დედაქალაქის მერი "ტვ პირველს", ფაქტობრივად, ემუქრება და ამბობს, რომ არხს ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს.
რა შუაშია? სანამ რაღაცას იტყვით, ხართ ტელევიზია, გაქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა და ტელევიზია იმიტომ ხართ, გააშუქოთ ობიექტურად. მას შემდეგ, რაც მე მოვიგე სასამართლო პროცესი, თქვენს მიერ იყო გასაჩივრებული, ყველა ინსტანციაში გაქვთ წაგებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი მხრიდან იყო ნული რეაგირება, შესაბამისად, მოგიწევთ პასუხისგება. ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, სანამ პირველი - უნდა გააკეთოთ უარყოფა, მოიხადოთ ბოდიში, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია, დანარჩენზე ვიფიქრებ, - ამბობს კალაძე.
კახა კალაძემ ჯამში მრავალმილიონიანი საათები არ დაადეკლარირა. ფოტო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნივთები, რომლის ფასიც ასი ათასობით ლარია, კალაძის სარგებლობაშია, მაგრამ დოკუმენტებში ასახული არ არის. ბოლოს თბილისის მერი ევროპის ჩემპიონატზე ექვსასი ათასიანი საათით გამოჩნდა. ის უცხოელმა ბლოგერებმა დააფიქსირეს.