600 ათას ლარამდე 20 ადამიანისგან - ვინ ჩუქნის ფულს ივანიშვილის პარტიას?
მხოლოდ ორ თვეში "ქართულ ოცნებას" ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აჩუქეს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბიზნესმენები სულ უფრო აქტიურდებიან.
დოკუმენტებით დგინდება, რომ მმართველი პარტიის ყულაბას ის შემომწირველები ავსებენ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდ ფულს იღებენ, შემდეგ კი ფულის ნაწილს ისევ ივანიშვილის პარტიას ურიცხავენ. ამ დროისათვის მმართველ პარტიას ანგარიშზე იმაზე მეტი ფული აქვს მობილიზეული, ვიდრე მთელ ოპოზიციას ერთად.
აღნიშნული უცნაურად გამოიყურება მკვლევარებისთვის. 2022 წელს, რომელიც არასაარჩევნო წელი იყო, "ქართულმა ოცნებამ" შემომწირველებისგან 11 მლნ ლარზე მეტი მიიღო, წელს კი, გადამწყვეტი არჩევენის წინ, შემოწირულობა მხოლოდ 600 ათასი ლარია.
მკვლევარები სავარაუდო ვერსიებზე საუბრობენ.
სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი აქვთ, თუმცა ნაკლებია, ვიდრე ტიპიურად იღებდა ხოლმე საარჩევნო წლის ამ პერიოდში. ამის მიზეზი შესაძლოა, ბევრი რამ იყოს. მაშ შორის ისიც, რომ შარშან დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის შემოწირულობა მიიღო. ცხადია, არის ეჭვები, რომ არასათანადო კონტროლია სხვა გზით მიღებულ შემოწირულობებზე და უბრალოდ, მისი დეკლარირება არ ხდება. შემოწირულობის სანაცვლოდ, ეს ადამიანები და მათთან დაკავშირებული ბიზნესები იღებენ სხვადასხვა საბიუჯეტო სარგებელს, - ამბობს გიგი ჩიხლაძე.
პოლიტიკურ კორუფციას უწოდებს აღნიშნულს კიდევ ერთი კორუფციის მკვლევარი ბადრი ნიაური.
ეს არის პოლიტიკური კორუფცია, ეს არის მეთოდი, ეს არის სისტემა, რომელიც აიძლებს მეწარმეებს, რომ ასე მოიქცნენ. ერთის მხრივ, თავს ვალდებულად გრძნობენ ბიზნესმენები, რომ გადაიხადონ და მეორეს მხრივ, შიში, პრევენცია მოსალოდნელი ტერორისა, იმიტომ, რომ არსად გამქარა ინსტიტუცია ფინანსური პოლიცია და ფინანსური პოლიცია ძალიან მედგრად ქექავს წინა წლების საქმეებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ მორჩლებაშ ჰყავდეს და გამოიყენონ სწორედ ასეთი პოლიტიკური ზეწოლისთვის, - ამბობს ბადრი ნიაური.
მმართველი პარტიის "შავ სალაროზე" საუბრობს ოპოზიციაც.
„ქართული ოცნების“ პირობებში ჩამოყალიბდა სრულიად ახალი კლასი, საბჭოთა ტიპის საქმოსნების, რომლებიც შეზრდილები არიანს ახელმწიფოსთან, არანაირ ბიზნესსაქმიანობას, რეალურად, ესენი არ ეწევიან. ეს ხალხი არის სახელისუფლებო წრეების გამდიდრების და პარტიული სალაროს შევსებისთის აუცილებელი ერთ-ერთი რგოლი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის შავი სალარო, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ივსება და რომლითაც ივანიშვილი აპირებს ამ არჩევნების მანიპულირებას, - ამბობს საბა ბუაძე.