მერაბ ტურავა გამოჩნდა - "არავის დავალებას არ შევასრულებ"

29.07.24 13:19
მერაბ ტურავა გამოჩნდა - "არავის დავალებას არ შევასრულებ"

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, არასამთავრობოების და ოპოზიციის სარჩელს ერთად, გონივრულ ვადაში განიხილავს. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ უთხრა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს და რუსული კანონის გაუქმების საკითხზე განხილვას არ გააჭიანურებს. 

ამასთან, ტურავა არ პასუხობს კითხვას, დაარღვია თუ არა "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია, როდესაც რუსეთიდან გადმოწერილი კანონი დაამტკიცა, თუმცა აღიარებს, რომ სასამართლოში სარჩელს ელოდა. 

სამი სარჩელი, მართალია, სხვადასხვა დროს შემოვიდა, მართალია, თავისი შინაარსით ზუსტად იდენტური არ არის ერთმანეთის, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში და რეგლამენტშ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც სარჩელების გაერთიანება შეიძლება. მინდა კონკრეტული თარიღი გითხრათ, მაგრამ უფლებამოსილი არ ვარ იმდენად, რამდენადაც მე არ ვიცი ჩემი კოლეგების პოზიცია.იყავით მზად იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში იქნება მიღებული. 
ვნახავთ (კანონს), წავიკითხავთ, რომელ რუსეთში, ჩრდილოეთისკენ? მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მიმართულება ჩემი თავისთვის და ჩემი ქვეყნისთვის არ მიმიცია და არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიოფს მიზანი, იდეა იყოს ჩრდილოეთისკენ სვლა. წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატიც, მქონდა პრემიაც და სხვადასხვაგვარი უცხოური დაფინანსებაც. არავის დავალებას არ შევასრულებ, - ამბობს მერაბ ტურავა. 

 

პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შედის.