საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოტური პარკირების დინამიკას - რა წერია IDFI-ის კვლევაში

29.07.24 16:43
საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოტური პარკირების დინამიკას - რა წერია IDFI-ის კვლევაში

"თბილისში ყოველწლიურად იმატებს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, ხოლო მოწყობილი საპარკინგე ადგილების რიცხვი იკლებს. საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოტური პარკირების დინამიკას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას უპირისპირებს," - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას.

 

IDFI მიიჩნევს, რომ თბილისში არსებული პარკირების სისტემის გამოწვევების შემსუბუქებას მნიშვნელოვნად  ხელს შეუწყობდა  საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარების  სათანადო სტრატეგიის არსებობა და საჭირო ფინანსური რესურსის ამ მიზნით გამოყოფა. 

ძირითადი მიგნებები

  • 2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 3,135,618 ჯარიმა გამოწერა, რამაც 54.7 მილიონი ლარი შეადგინა.
  • 2022 წელს, პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზრდასთან ერთად, მკვეთრად იმატა დაჯარიმებულთა  რაოდენობამ (+35%). 2023 წელს დაჯარიმებულთა რაოდენობა დაახლოებით განახევრდა, თუმცა ჯარიმით დაკისრებული თანხა 51%-ით გაიზარდა.
  • 2023 წელს პარკირების წესების დარღვევის გამო, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს 9,419 ავტომობილი.  2018  წელთან შედარებით, საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 188%-ით არის გაზრდილი.
  • 2024 წლის მაისის თვეში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, კომპანია მაქსიმალურად თავს იკავებდა მძღოლების დაჯარიმებისგან. ამ თვეს სულ გამოიწერა 2,079 ჯარიმა და მხოლოდ 43 ავტომობილი იქნა გადაყვანილი ავტოსადგომზე.
  • 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, თბილისში 27,614 საპარკინგე ადგილია მოწყობილი. 2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა.
  • სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური არ ფლობს თბილისის რაიონების მიხედვით მოწყობილი პარკირების ადგილების შესახებ ინფორმაციას.
  • საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა 2022 წელს (640,183 ლარი) დაიხარჯა.
  • 2018 წლის შემდეგ,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ  პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა  შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა.
  • პარკირების კონტროლიორის პოზიციაზე ყველაზე მეტი პირი 2022 წელს იყო დასაქმებული (188 პირი). 2023 წელს მათი რიცხვი 118-მდე შემცირდა. თანამშრომელთა გადინების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საპარკინგე ადგილების რიცხვი იკლებს, რაც  ქაოტურ პარკირებას იწვევს.

ბოლო წლებში დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მოსალოდნელი იყო პარკირების პრობლემის გამწვავება. IDFI მიიჩნევს, რომ თბილისში არსებული პარკირების სისტემის გამოწვევების შემსუბუქებას მნიშვნელოვნად  ხელს შეუწყობდა  საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარების  სათანადო სტრატეგიის არსებობა და საჭირო ფინანსური რესურსის ამ მიზნით გამოყოფა. პარკირების სისტემის განვითარების გარკვეული ხედვა  წარმოდგენილია  თბილისის 2023-2043 წლების სატრანსპორტო გეგმაში, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნაზე მეტად, ყურადღება გამახვილებულია დამატებითი მოსაკრებლების შემოღებასა  და ამ გზით ავტომობილით მგზავრობის შემცირების მიზნის მიღწევაზე.

საკითხის  სათანადო გააზრების პრობლემაზე მეტყველებს, 2024 წლის 17 ივლისს თბილისის მერის მიერ ჟურნალისტებზე გაცემული პასუხი საპარკინგე სივრცეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის მიხედვით ქალაქში პარკირების პრობლემა არ არის და არსებობს შესაბამისი სივრცეები. ამასთან, მან დამატებით განმარტა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შესაბამისი მცდელობები, თუმცა კერძო ბიზნესი მსგავსი შეთავაზებებით არ ინტერესდებოდა," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები