მაშინ, როდესაც ყველა სხვა პარტიამ კარტები გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია და გასათვალისწინებელია - ბუჩუკური

29.07.24 17:11
მაშინ, როდესაც ყველა სხვა პარტიამ კარტები გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია და გასათვალისწინებელია - ბუჩუკური

"მაშინ, როდესაც ყველა სხვა პარტიამ კარტები გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია და ეს არის გასათვალისწინებელი", - ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური აკეთებს და Edison Research-ის კვლევას ეხმაურება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, ეს კვლევა იქნება თუ სხვა მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა, ჩვენი პარტია ერთადერთი პარტიაა, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ზრდის. მე გავიმეორებ, რომ მაშინ, როდესაც ყველა სხვა პარტიამ კარტები გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია და ეს არის გასათვალისწინებელი,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%. კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%. ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი - იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%. 1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის - ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

მსგავსი სიახლეები