კალაძე Edison Research-ის კვლევაზე: მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის
"მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე Edison Research-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. კალაძეს კვლევის მიმართ ნდობა არ აქვს.
მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის! მოგებული გქონიათ არჩევნები და რატომ სვამთ კითხვებს და რატომ ნერვიულობთ? რა კვლევებზე მესაუბრებით, თარგამაძემ კეზერაშვილთან ერთად რაღაცა მოხაზა და მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? გეტყვით, არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს და ყოველდღიურად დავდივარ თბილისში. პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო. ყველა რაიონში და ქალაქში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა. რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ციფრები რომ იწერება, ჩემი მოგონილი ხომ არ არის? 2012 წლიდან ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება ეკონომიკურად. ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლისა, ბულინგისა, შემოტევებისა, ეს შენარჩუნებული იქნება. ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ, სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველა ქვეყანაშია ასეთი მოსახლეობა. ზუსტად იმისთვის, რომ შევამციროთ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და ეს ტენდენცია გვაქვს, ამისთვის არის მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%. კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%. ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი - იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%. 1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის - ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.