შედგება თუ არა ალეკო ელისაშვილისა და "ძლიერი საქართველოს" ერთობა - რას ამბობს კუპრაძე?
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ადასტურებს, რომ გაერთიანების შესახებ ალეკო ელისაშვილთან კონსულტაციები წარმატებულად მიმდინარეობს.
ირაკლი კუპრაძე "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დროა საჭირო.
"ლელოს" წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ "ძლიერი საქართველო" გამსხვილებასთან დაკავშირებით სამი მიმართულებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. კერძოდ, ირაკლი კუპრაძის თქმით, მომავალში შესაძლოა, საზოგადოებამ კოალიცია არა მხოლოდ ელისაშვილთან, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიასთანაც იხილოს.
"ძლიერმა საქართველომ" 12.8 % აჩვენა კვლევაში. ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ მთავრდება ყველაფერი. ამ ერთობის სინერგია და ძალის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი კარი დახურული არ არის. კონკრეტულად ალეკო ელისაშვილის შემთხვევას ვერ დაგიდასტურებთ. ამას დაადასტურებენ პოლიტიკური ლიდერები მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. გიდასტურებთ იმას, რომ პოლიტიკური კონსულტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და დრო სჭირდება იმას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არსებობდეს და გაცხადდეს საზოგადოებისთვის... სამი მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება გამსხვილებასთან დაკავშირებით. პირველი, პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ვიხილავთ სიახლეებს. შესაძლებელია, არა მხოლოდ ელისაშვილი ვიხილოთ. მეორე, მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაცია სამოქალაქო ჯგუფებთან და მესამე, ინდივიდებთან", - ამბობს კუპრაძე.
ციფრებში ასახული ხალხის განწყობა - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას კარგავს. მმართველ გუნდს გამოკითხულთა მხოლოდ 32 პროცენტი უჭერს მხარს. რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს. ერთიანობა, ძლიერი საქართველო, პარტია "საქართველოსთვის" და კოალიცია ცვლილებებისთვის - ეს ის პირველი ოთხეულია, რომელიც ოპოზიციური რეიტინგების სათავეშია. მხოლოდ ამ ოთხი გაერთიანების ჯამი 50 პროცენტზე მეტია.
ოპოზიცია იგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. სრული გაერთიანების შემთხვევაშიც და იმ ერთობებითაც, რომელიც ბოლო თვეში შეიქმნა. რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, ვრცელ სიას სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში. პრეზიდენტს 63-პროცენტიანი მოწონება აქვს. სიის ბოლო ორ ადგილზე კი "ქართული ოცნების" ორი ლიდერია. ყველაზე ნაკლები მოწონება და შესაბამისად ყველაზე მეტი არმოწონება ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს აქვთ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.