ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.
პრესცენტრის ცნობით, პრემიერ მინისტრმა, ინაუგურაციაზე დასასწრებლად ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა.
კობახიძის ირანში დაგეგმილ ვიზიტს უყკვე გამოეხმაურა ოპოზიცია. "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრობლემა არა პრემიერის ირანში ცასვლა, არამედ ის მძიმე ფონია, რომელიც საქართველოს სტრატეგიუილ პარტნიორებთან აქვს.
თავისთავად პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ ირანში ჩადის ვიზიტით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ, პრობლემა არის ის, რაც ამის პარალელურად ხდება ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან და აშშ-თან. შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამერიკის სენატში დღეს გაიმართება საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვას რაც შეეხება და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი კონოტაცია ეძლევა მათ შორის ამ ვიზიტსაც. თორემ, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გვქონდეს ფუნქციური თანამშრომლობა ყველა სახელმწიფოსთან რეგიონში შეძლებისდაგვარად, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ემნ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილის თქმით, კი აღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველო უკვე იმ ბანაკის წევრია, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროშია.
ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმის, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც და ამ ბანაკის სხვა წევრ ქვეყნებში ინაუგურაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიება, აუცილებლად ჩადის და ესწრება და სამწუხაროდ, ჩვენი „მეგობრები“ და „კოლეგები“ ამ ერთობაში არიან ბელორუსი, რუსეთის ფედერაცია, ირანი, იქით ლათინურ ამერიკაში ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი, - ამბობს ცისკარიშვილი.
ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება.
ცნობისთვის, 6 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშქიანმა გაიმარჯვა. მან ხმების 53% მოიპოვა.
ცნობისთვის, 22 მაისს ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
იბრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.