კობახიძის ირანში ვიზიტი აშშ-თვის სილის გაწვნის ტოლფასია - თეონა აქუბარდია
კობახიძის ირანში ვიზიტი აშშ-თვის სილის გაწვნის ტოლფასია. ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, პრემიერის ირანში დაგეგმილი ვიზიტი ცხადყოფს, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ავტორიტარული ქვეყნებისკენ შეატრიალა.
„ქართული ოცნების“ პირობებში ირაკლი კობახიძე ერთადერთი პრემიერი, რომელიც ერთ თვიან შუალედში ორჯერ ჩავიდა ირანში, მიუხედავად იმისა, რომ ირანი არის რუსეთის პარტნიორი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საგარეო პოლიტიკის შემოტრიალებას ავტორიტარული ქვეყნებისადმი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყალბ სურვილს, გადატვირთოს აშშ-თან ურთიერთობა, იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, მათ შორის, აშშ-თვის სილის გაწვნის ტოლფასია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ დააახლოვა საქართველოს ირაკლი კობახიძემ რუსეთის მეგობრებთან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთის მიერ გვაქვს ორი ძირძველი რეგიონი ოკუპირებული, - ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.
პრესცენტრის ცნობით, პრემიერ მინისტრმა, ინაუგურაციაზე დასასწრებლად ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა.
ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება.