"ოცნება" "ლელოს" წინააღმდეგ - საარბიტრაჟო დავა პოლიტიკური თავდასხმის საგანი ხდება

30.07.24 15:57
"ოცნება" "ლელოს" წინააღმდეგ - საარბიტრაჟო დავა პოლიტიკური თავდასხმის საგანი ხდება

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დილიდან ურთიერთბრალდებების საგანი ხდება.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან დავა ხელისუფლებამ მოიგო".

საგანგებო ბრიფინგზე რატი ბრეგაძე ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ პარიზის არბიტრაჟმა კონსორციუმს სახელმწიფოსთვის 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

მინისტრის განცხადებას პარტია "ლელოში" უკვე უპასუხეს - ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ რატი ბრეგაძე ტყუის და რეალურად არც ანაკლიის კონსორციუმის და არც მთავრობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.  

დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები- მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ხელი არ შეუძლია პროექტის განხორციელებაში. მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება" - თქვა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის შემდეგ, სააბირტრაჟო დავა პარტია "ლელოზე" თავდასხმისთვის გამოიყენა პარლამენტის თავმჯდომარემაც. 

„ლელოს“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, საფუძველი გამოაცალა „ლელოს“, როგორ პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს. , - ამბობს პაპუაშვილი. 

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პოზიციას,  "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

კუპრაძის თქმით, პოლიტიკური მოცემულობა კი მარტივია: "ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. ქვეყანამ, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი".

საერთაშორისო არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დააკმაყოფილა ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ ასევე არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეტანილი შესაგებელი. ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. რუსეთმა, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მოცემულობა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

ანაკლიის პროექტის ჩავარდნის მთავარი კონტექსტი იყო სწორედ პოლიტიკური დევნა, რომელიც თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო ანაკლიის კონსორციუმის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ.

საერთაშორისო არბიტრაჟმა იმსჯელა, სამწუხაროდ, მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე და არ იმსჯელა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. ერთადერთი ხარჯი, რომელიც არსებობს ამ გადაწყვეტილებიდან, არის არბიტრაჟის მომსახურების  ხარჯი, რომელიც ეკუთვნის ასევე ანაკლიის კონსორციუმს და სავარაუდოდ, ეს ხარჯი დაეკისრებოდა მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობასაც, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება კონფიდენციალურია. ამიტომ, ჯერჯერობით "პირველებისთის" უცნობია ის არგუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტშია წარმოდგენილი.  

მსგავსი სიახლეები