საქართველოს მთავრობამ EU-ში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა - ჯინ შაჰინი

31.07.24 11:25
საქართველოს მთავრობამ EU-ში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა -  ჯინ შაჰინი

საქართველოს მთავრობამ EU-ში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატრომა სენატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს უკუსვით და რუსული კანონის დამტკიცებით შეშფოთებულია. სენატორის თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-ს მთავრობა ფინანსური სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ამგვარი რთული ვითარება შექმნა. 

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა. მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც იმეორებს მსგავს რუსულ კანონს. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად. ორპარტიული წინააღმდეგობაა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება და იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ დააწესოს ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც [საქართველოში] ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია. შეგიძლიათ გვითხრათ სად ვართ ახლა და რას უნდა აკეთებდეს კონგრესი? - განაცხადა შაჰინმა. 

 ჯინ შაჰინისთვის გაუგებარია, რატომ აქვს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი მაშინ, როდესაც მისი ტერიტორიები ოკუპანტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ აქვს საქართველოს მთავრობას ასეთი მიდგომა, როცა მისი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როცა მე საქართველოში ვიყავი, ნამდვილად ძალიან მწვავედ იდგა საკითხი საქართველოს უსაფრთხოებისა და რუსეთის შესახებ. ასევე ძალიან მწვავედ იდგა საკითხი ლტოლვილების სიტუაციაზე. მიჭირს იმის გაგება, რატომ არ უსმენს მთავრობა საქართველოს ხალხის ხმას, რომლებსაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, - განაცხადა შაჰინმა. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ვაშინგტონში საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელა. სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იყო, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.  

მსგავსი სიახლეები