"ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა" - დეზერტირების ბაზართან საბა ბუაძე მივიდა
დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ - მოვაჭრეების პროტესტის ეპიცენტრში "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე იმყოფება.
როგორც საბა ბუაძე "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, მეორე დღეა ადამიანები თბილისის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა პასუხების გაცემის მაგივრად ათობით მოვაჭრე "წარმოუდგენელ დაცინვას" იღებს.
თითქმის, 80 წელია, ეს ბაზარი ასეთი ფორმით აქ არის და ქმნის ამ ქალაქის ისტორიას. არის უმნიშვნელოვანესი კვანძი, სადაც ადამიანები მთელი ქალაქიდან მოდიან. აქ მუშაობს ათასობით ადამიანი, რომელიც ვაჭრობით არჩენს საკუთარ ოჯახებს. 25-30 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იხდიან სოლიდურ თანხას და ახლა გაირკვა, რომ ამ ხალხს არანაირი უფლება არ გააჩნია თურმე და ისინი 15 აგვისტოსთვის უნდა წავიდნენ აქედან, დაიკეტოს და როგორც ამბობენ, აქ უნდა აშენდეს მოლი. ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა. მეორე დღეა ეს ხალხი ითხოვს პასუხს თბილისის მერიისგან და არათუ მერიიდან, არც ადმინისტრაციიდან ჩამოსულა ვინმე. აქ ხალხს აშინებენ და ემუქრებიან, რომ თავისი სათქმელი არ თქვან", - ამბობს საბა ბუაძე.
სავაჭრო დახლებიდან ქუჩაში აქციაზე - მოვაჭრეების პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. დეზერტირების ბაზარში დასაქმებულებმა დახლები დროებით დატოვეს და საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს.
მოვაჭრეები "პირველებთან" ამბობენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსაზრება, რომ შენობა ავარიულია, სრული აბსურდია.
დეზერტირების ბაზარში დასაქმებულები იმასაც აცხადებენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხოლო რაც შეეხება ალტერნატიულ სივრცეს დიღმისა და სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც მოვაჭრეებს შესთავაზეს, მათთვის მიუღებელია.
ცნობისთვის, მოვაჭრეების პროტესტი მეორე დღეა რაც გრძელდება. დეზერტირების ბაზარში დასაქმებულებს დახლების დატოვებას სთხოვენ, რადგან როგორც ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა ავარიულია და რემონტს საჭიროებს. ადმინისტრაციის თანამშრომლები მოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად ვადას 15 აგვისტომდე აძლევენ.
მოვაჭრეები თბილისის მერის თანამშრომლებთან და თავად მერთან შეხვედრას ითხოვენ, მაგრამ უკვე ორი დღეა, რაც დეზერტირების ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს არათუ მერი, არამედ მერიის სხვა თანამშრომლებიც არ ხვდებიან.