რა მიზნით ჩავიდა კობახიძე ირანში?
ჰეზბოლას ლიდერი, რომელიც კობახიძის გვერდით ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იდგა, მოკლეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლეთიდან იზოლირებული და სანქციების მოლოდინში მყოფი პრემიერი კი ხსნას ირანში ეძებს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მთავრობის მეთაური რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში ისმენდა შეძახილებს - "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს" - რატომ? - ირანიდან დაბრუნებული კობახიძე ამ კითხვას უბრალოდ არ პასუხობს.
ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის გვერდით დგომა პრემიერმა ქართული მედიის სპეკულაციად შერაცხა. კობახიძე ცდილობდა დღეს ირანის, როგორც რეგიონული ქვეყნის მნიშვნელობაზე ესაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს, რომ სწორედ ამ ქვეყნის დრონებით კლავენ უკრაინელებს. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ თეირანში ხშირი ვიზიტები, სწორედ რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის ახალი ხაზია ოლიგარქის მთავრობის მეთაურისთვის.