"არ ვიცი, რაზეა საუბარი, ალბათ მეტი განმარტება იქნება" - დავითაშვილი აშშ-ის დაფინანსების გაყინვაზე
"ქართული ოცნების" პირველი პასუხი შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარიანი დახმარების გაყინვის შემდეგ - ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ "არ აქვს ინფორმაცია", თუ კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა სტრატეგიულმა პარტნიორმა და აცხადებს, რომ "მეტი განმარტებაა საჭირო".
ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა "ისეთივე აქტუალურია, როგორც ყოველთვის იყო".
საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია. მკაფიოდ მინდა განვაცხადო. ეს არის ძალიან ცალსახა. შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ შორის აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით, მე არ ვიცი რაზეა საუბარი...
არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე ან რა პროექტზე იყო საუბარი. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ შტატებთან მჭირდო თანამშრომლობა გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამას გიფიქსირებთ"- თქვა დავითაშვილმა.