არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი პუტინისთვის სანქციების გვერდის ასავლელად? - ჟურნალისტური გამოძიება
არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი პუტინისთვის სანქციების გვერდის ასავლელად? - "აი, ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გაშიფრულია რუსეთის სანქცირებული პროდუქტით მომარაგების სქემა, რომელშიც ჩართულია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.
გამოძიების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2023-2024 წლებში საქართველოდან რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში ექსპორტით გავიდა 10.7 მილიონი აშშ დოლარის ორმაგი დანიშნულების ნივთი.
- ამ მიმართულებით თვალშისაცემად არის გაზრდილი სატელიტური ჯი-პი-ესების, ვიდეოკამერების, პროცესორების თუ “ჩიპების” ექსპორტი. ასეთ ნივთებს რუსი სამხედროები იარაღის ასაწყობად იყენებენ.
"აი, ფაქტის" მიხედვით, მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დასტურდება ისიც, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის მარშრუტს გადის ვიდეოგადაღების დრონებიც. (თანამედროვე ომში, უწყინარი, ხედების გადასაღები დრონიც კი საბრძოლო რესურსია. სამხედროები ჭურვებს და ანტი-სატანკო სისტემებსაც “კამიკაძე-დრონებზე” ამაგრებენ - "აი, ფაქტი").
ორმაგი დანიშნულების ნივთს იპოვით თქვენი სამზარეულოს, ან აბაზანის ტექნიკაშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის, ან მაცივრის “ტვინი”. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტიც. მიმართულება იგივეა – მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია"- ვკითხულობთ საგამოძებო მასალაში.
"აი ფაქტის" ამბობს, რომ მათ იპოვეს თუ ვინ დგას ამ სტატისტიკის მიღმა. მათივე თქმით, “იმპორტ ჯენიუსის” საერთაშორისო ვაჭრობის ბაზაში არის ოთხი ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის გაგზავნაში მონაწილეობს – “ელექტრომექ-ბტ”, “ლაზიკა-იმპორტი”, “ფეის პლიუსი” და “ასტერი გრუპი”.
გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. "აი ფაქტის" თქმით, ამ ფონზე, შემოსავლების სამსახური მათ შეკითხვებს სრულყოფილად არ პასუხობს და არც პირისპირ ინტერვიუზე თანხმდება.
“აი, ფაქტში” ამბობენ, რომ სქემებს შვიდი თვის განმავლობაში იძიებდნენ.