სკანდალი: "რუსეთში, საქართველოს გავლით, სანქცირებული პროდუქტები იგზავნება"

01.08.24 20:26
სკანდალი: "რუსეთში, საქართველოს გავლით, სანქცირებული პროდუქტები იგზავნება"

რა გზას გადის სანქცირებული ტვირთი რუსეთამდე? - გაშიფრულია ის სქემები, რითაც მოსკოვი ორმაგი დანიშნულების პროდუქციას უპრობლემოდ იღებს.  ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი რგოლი კი საქართველოა. "აი. ფაქტის"  ჟურნალისტთა 7 თვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დრონების და ჩიპების გადაზიდვა რუსეთში რამდენიმე მარშრუტით ხდება. საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის გავლით, ან პირდაპირ ვლადიკავკაზის მიმართულებით. 

საუბარია საჰაერო გადაღების დრონებზე, რომელსაც რუსეთი შემდეგ სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებს. ანალოგიურად გამოიყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკაში ჩამონტაჟებული ჩიპებიც. ჟურნალისტები იმ გადამზიდ კომპანიაზეც გავიდნენ, რომელიც სანქცირებული ტვირთის რუსეთში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქართველოს  გავლით რუსეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 10 მილიონი დოლარის ღირებულების ორმაგი დანიშნულების პროდუქცია გავიდა.

შენიშვნა: "აი, ფაქტის" ჟურნალისტურ გამოძიებზე დაყრდნობით მომხადებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, "ტვ პირველის" რედაქციას შპს კაიროს ლოგისტიკი დაუკევშირდა. 

მათივე განცხადებით, 2013 წელს საქართველოში რეგისტრირებული „შპს კაიროს ლოგისტიკი“ ifact.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ არის ნახსენები.

tvpirveli.ge Kairos Logistics-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

კომპანია Kairos Logistics Ifact.ge-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედია საშუალებებში გუშინ გავრცელდა.
Kairos Logistics აღნიშნავს, რომ კავშირი არ აქვს რუსეთში იგივე სახელით რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომელსაც პანდემიამდე ჰქონდა საწყობი თბილისში, "ჰუალინგ პლაზას" ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე კი არც ოფისი აქვთ მითითებულ მისამართზე და არც საწყობი. აღნიშნული კომპანია მომსახურების შესახებ ინფორმაციას საიტზე აქვეყნებს და შეკვეთებსაც ონლაინ იღებს.

ifact.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ 2013 წელს საქართველოში რეგისტრირებული "შპს კაიროს ლოჯისტიკი” ვებ გვერდით www.kairos.ge სხვა კომპანიაა და აღნიშნულ ექსპერიმენტთან კავშირი არ აქვს.

კომპანია Kairos Logistics ღიად აცხადებს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სხვა კომპანიაზე, რომელიც იგივე სახელით არის რეგისტრირებული რუსეთში და პანდემიამდე წარმომადგენლობა ჰყავდა საქართველოში"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები