დანიგანი დახმარების შეჩერებაზე: გვაწუხებს ანტიდემოკრატიული ქმედებები, ნეგატიური რიტორიკა

01.08.24 21:30
დანიგანი დახმარების შეჩერებაზე: გვაწუხებს ანტიდემოკრატიული ქმედებები, ნეგატიური რიტორიკა

"ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება და ვთხოვეთ (საქართველოს) მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების ფაქტს. 

რობინ დანიგანის განცხადებით, 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების მიზეზი რუსული კანონი, აშშ-თან მიმართებით ცრუ განცხადებები და დასავლეთისკენ მიმართული ნეგატიური რიტორიკაა.

ელჩი ამბობს, რომ აშშ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, მათ ძალიან აწუხებთ.

თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს“,- განაცხადა რობინ დანიგანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან. ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

 

 

მსგავსი სიახლეები