"ყველაფერი მიზეზშედეგობრივია" - პეტრე ცისკარიშვილი სტანოს განცხადებაზე
ევროკავშირის მორიგი გაფრთხილება, რომ რომ საქართველოსთან ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავენ, ენმ-ს გენერალურ მდივანს არ უკვირს. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი მიზეზშედეგობრივია და სტრატეგიული პარტნიორის მსგავსი დამოკიდებულება, სწორედ "ქართულმა ოცნების" "დამსახურებაა".
ყველაფერი არის მიზანშედეგობრივი. ჩვენ ვისმენთ ამ მთავრობის მხრიდან წუწუნს იმასთან დაკავშირებით, რომ აი, დასავლეთი, აშშ, ევროპა ჩვენი მისამართით გაცივდა, აღარ გვემეგობრებიან, პარტნიორული ურთიერთობები შეწყვიტეს. დიახ, იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა, ძვირფასებო, თქვენ მიიღეთ რუსული კანონი. ამიტომ, რატომ უკვირთ ამ ადამიანებს, რომ ფინანსური ნაკადები დასავლეთიდან დაშრა? რუსული კანონიც ხომ სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული?, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.
სტანომ საქართველოში ბოლო დროს გავითარებული მოვლენების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.
მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.