ნათელია, რომ დასავლეთი ივანიშვილის ხელისუფლებას სასურველ პარტნიორად აღარ განიხილავს - სამადაშვილი
ნათელი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ განიხილავენ სასურველ პარტნიორად დასავლეთში, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პიტერ სტანოს გაფრთხილებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ცხადია, რომ ევროკავშირი საქართელოს მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს და 26 ოქტობრის არჩევნების შედეგებს ელოდება.
ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ განიხილავენ სასურველ პარტნიორად დასავლეთში. ევროკავშირის სანქციების შემუშავების პროცესი არის ბევრად უფრო რთული პროცედურა, ვიდრე აშშ-ში, ამიტომ გამოცდილება აჩვენებს, რომ ამერიკა უფრო სწრაფად იღებს ამ გადაწყვეტილებას, ევროკავშირს სჭირდება მეტი დრო, მაგრამ ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ცხადი, რომ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში ევროკავშირი აღარ აპირებს და ელოდება არჩევნებს, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.
სტანომ საქართველოში ბოლო დროს გავითარებული მოვლენების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.
მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.