პროტესტი "ევოლუშენში" - ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა

02.08.24 14:49
პროტესტი "ევოლუშენში" - ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა

ამ ქვეყანაში ადამიანის შრომითი უფლებები უნდა იყოს დაცული ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში და როგორც ეს ხდება ევროკავშირში, - "ევოლუშენის" გაფიცული თანამშრომლების პროტესტს პარტია "ლელოში" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ. ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლება უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ ამ დრომდე გაფიცული თანამშრომლების არცერთი მხარდამჭერი განცადება მათ არ გაუკეთებიათ.

ამასთან, ნაცვლიშვილმა შრომის ინსპექციას, სახალხო დამცველს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს რეაგიებისკენ მოუწოდა. 

მინდა შევეხმიანო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას, როდესაც 4 600-ზე მეტი ადამიანი არის გაფიცული თავისი და ათასობით სხვა თანამოქალაქის შრომითი უფლებების დასაცავად. ეს გაფიცვა უკვე დიდი ხანია გრძელდება, პრობლემები კომპანია „ევოლუშენში“ დასაქმებულებს წლებია აქვთ, რაზეც ისინი ხშირად საჯაროდ საუბრობდნენ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არ მოგვისმენია და არ გვინახავს სად არის სახელმწიფო და რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ თითოეული დამსაქმებლისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, გასაგები და უაპელაციო იყოს ის ფაქტი, რომ საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შრომითი უფლება უნდა იყოს დაცული ზუსტად იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ეს წერია თეორიულად ამ ქვეყნის კონსტიტუციაში და უნდა იყოს დაცული იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ის არის დაცული ევროკავშირის ქვეყნებში. სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი განცხადება ადამიანებისა, რომლებიც საუბრობენ ძალიან მძიმე დარღვევებზე მათი ღირსების შელახვის და ძალიან მძიმე შრომითი უფლებების დარღვევებზე, ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია.

ის, რომ გარკვეული მონიტორინგი მიმდინარეობს, არ არის ამ ვითარებაში საკმარისი, ამიტომ დღეს მე მივმართავ, ვიყენებ რა პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, მივმართავ შრომის ინსპექტორს და ვითხოვ მისგან ანგარიშს, რა სამუშაოები ჩაატარა მისმა უწყებამ ამ დრომდე იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს მოკვლეული სრული სურათი, რაც ხდება კომპანიაში და შესაბამისი რეაგირება განხორციელდეს, რის გამოც არის შექმნილი ეს უწყება.

ასევე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, მე ვნახე მისი რამდენიმე საჯარო განცხადება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკითხის აქტუალობის და სიმძიმის გათვალისწინებით სახალხო დამცველს „ევოლუშენის“ საკითხთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს სპეციალური ანგარიში და ეს სპეციალური ანგარიში წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს და მესამე, ასევე დღესვე წერილობით მივმართავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ასევე გამოვითხოვ მისგან დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, ეს უწყება რას აკეთებს, იმიტომ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ალბათობით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების დაცულობის შელახვას კომპანიის მხრიდან, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე 22-ე დღეა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა დათმობაზე არ მიდის. 

მსგავსი სიახლეები