"როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?!" - სააკაშვილი ივანიშვილს

02.08.24 16:31
"როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?!" - სააკაშვილი ივანიშვილს

"მინდა ივანიშვილს ვუთხრა, შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი. როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?" - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

სასამართლო პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ "მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება საოცრებაა".

მართლაც საოცრებაა მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება. თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს. როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები? დღეს გორში 2 საათზე სოსო ბაბაევის პროცესია. ის პირველად მოსამართლე მოდებაძემ გაუშვა და ახლა აპირებენ, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით შეაბრუნონ ციხეში.

იმდენად სასაცილოები ხართ უკვე, რომ ჩვენი საარჩევნო ავტობუსის სამ მძღოლს ააღებინეს ხელი მის ტარებაზე. სამი ადამიანი და ავტობუსის მფლობელი დააშინეს. ავტობუსის რომ გეშინია, სხვა რაზე გვაქვს საუბარი? თქვენ ყველა უნდა ალაგებდეთ ჩემოდნებს და ემზადებოდეთ საქართველოში გასაბრუნებლად“ - თქვა სააკაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო  პროცესი მიმდინარეობს. საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვის დაწყების შუამდგომლობა დააყენონ, ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა.